ზურაბ ჯაფარიძე - ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს გულმხურვალე მეგობარია და ისიც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს
ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს გულმხურვალე მეგობარია და ისიც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს, – ამის შესახებ პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ კრიზისსა და ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ყველა ვცდილობთ, ვიპოვოთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი. ეს ადამიანი არის ამ ქვეყნის გულმხურვალე მეგობარი. ისიც ეძებს ამ სიტუაციიდან გამოსავალს. ისიც, ისევე როგორც ჩვენ, ფიქრობს, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს ადამიანი უბრალოდ ცდილობს გაერკვეს, რა პოზიციები არსებობს ზოგადად, რატომ არსებობს ეს პოზიციები და საბოლოო ჯამში, ალბათ ეცდება, რომ მოიფიქროს აქედან გამოსავალი. ესეც ერთგვარი ფასილიტაციაა.
ჩვენი პოზიცია არის იგივე – მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნება” უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დიალოგი უნდა გაიმართოს იმ ოთხი პუნქტის გარშემო, რომელიც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე უკანასკნელი ოთხი რაუნდია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე ძალიან ცალსახაა ყველა ის გზავნილი, რაც მოდის დასავლელი პარტნიორებისგან.
„ცალსახა შეფასებაა ყველგან, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ამ სიტყვებით ლიეტუვის სეიმის წარმომადგენელთან საუბარი არ გვქონია, მაგრამ ზოგადად, ესაა გზავნილი, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორებისგან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.