ზურა ჯაფარიძე - ხვალინდელი აქცია პარტიული არ არის, ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ, უბრალოდ, სამი პარტიაც არის ჩართული, ელენე ხოშტარია, სავარაუდოდ, კიევიდან ჩაერთვება
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხვალინდელი აქცია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი იქნება.
მისივე თქმით, აქცია პარტიული არ არის.
„ეს არის სოლიდარობის აქცია უკრაინისადმი და ქართველი მეომრებისადმი, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე არიან. აქციის მიზანია, ერთმანეთს, უკრაინელებს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ უკრაინისადმი და უკრაინის ომისადმი ჩვენი დამოკიდებულება არის იმისგან განსხვავებული, რასაც საქართველოს ხელისუფლება ასხივებს. აქცია დაიწყება 19:00 საათზე, იქნება მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან, რომელსაც უკრაინელები აორგანიზებენ და იქ უერთდება აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი. შემდეგ მსვლელობით მივლენ პარლამენტის შენობასთან და დაახლოებით 19:30 საათზე დაიწყება აქცია.
ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქცია. ომის დაწყების წლისთავია და ემთხვევა მას. ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ, 100-ზე მეტი ადამიანია ორგანიზატორი. უბრალოდ, სამი პარტიაც არის ჩართული. ეს არ არის პარტიული აქცია და არც დაანონსებულა პარტიულ აქციად. ელენე ხოშტარია კიევშია, რადგან, მათ შორის, იქ უნდა ჰქონდეს შეხვედრები. სავარაუდოდ, ელენე იქიდან ჩაერთვება. მმართველი გუნდი აქციაზე აქ კი არ უნდა მოსულიყო, დელეგაციით უნდა იყოს წასული კიევში, მათ შორის მოწვევა ჰქონდათ და უარი თქვეს ამაზე. ამას არ აკეთებენ იმავე მიზეზებიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ომში რუსეთს გულშემატკივრობენ, რაც ბევრჯერ მითქვამს. მათ უნდათ, რუსეთმა გაიმარჯვოს, რათა შემდეგ მოგვიტრიალდნენ და გვითხრან, რომ სწორი პოლიტიკაა უთავმოყვარეო ყოფა, რომელშიც წელიწადზე მეტია, გვაცხოვრებენ, ისინი მართლები იყვნენ, შეხედეთ, რა დაემართა უკრაინას, რუსეთმა გაიმარჯვა და ჩვენ მართლები ვიყავით, როცა ენის მოჩლექითა და მუხლებზე დგომით ველაპარაკებოდითო“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.