ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლება უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აუცილებელია, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.
მისივე თქმით, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა შედგეს.
„ხელისუფლება უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, საბოლოო ჯამში კრიზისის განმუხტვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც შეთანხმება უნდა მოხდეს ბევრ პუნქტზე, მათ შორის პრინციპული საკითხები არის.
ჩემთვის პრინციპული საკითხი არის, რომ საარჩევნო სისტემა იყოს სრულად პროპორციული, ბარიერის გარეშე. გარდა ამისა, არის მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების განაწილების საკითხები. ეს არის მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა. ახლა ეს მთავარი გეგმაა. ამის გარდა, რამე კონკრეტული გეგმების დადება, რომ ხვალ ეს მოხდება, ზეგ ეს, ამ ქვეყანაში არის შეუძლებელი და ამას ამ ქვეყანაში ვერც ერთი მთავრობა და ვერც რომელიმე ბიზნესი ვერ ახერხებს. ეგ არის ამ ქვეყნის პრობლემა, რომ ვიდრე პოლიტიკური კრიზისია ამ ქვეყანაში, რამის დაგეგმა არის შეუძლებელი, მათ შორის როგორც ბიზნესისთვის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს აქციები მოლაპარაკების პროცესს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არ ჰგონია, ეს ხელისშემშლელი იყოს.
„არამგონია, პირიქით. ხელს უწყობს, რატომაც არა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, დანიელსონის საქართველოში დაბრუნებაზე საუბრისას ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ პირველი ვიზიტისას მოლოდინი ჰქონდა, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონკრეტული წინადადებით ჩამოვიდოდა.
„წინაზეც ეგ მოლოდინი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა კონკრეტული წინადებებით, მათ შორის უფრო მედიატორის როლს აიღებდა საკუთარ თავზე, ვიდრე ფასილიტატორის. წინაზე არ გამოვიდა. ვნახოთ, ახლა რა გამოვა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.