ზურაბ ჯაფარიძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტების გაპროტესტება ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა
ზურაბ ჯაფარიძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტების გაპროტესტება ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა

აქციაზე მოსვლის მიზეზი არის პროტესტი იმ კანონის წინააღმდეგ, რომლის მიღებასაც აპირებენ, რომელიც ამ ქვეყანას მოკლევადიან პერსპექტივაში დააკარგვინებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს, რაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლოს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების მიღება „გაასუფთავებს ქვეყანას განსხვავებული აზრისგან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის და ივანიშვილის ინტერესებთან“.

„ამ კანონპროექტების გაპროტესტება ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულება მგონია. მოლოდინი მაქვს პესიმისტური. დღესაც მგონია, მხარს დაუჭერს იურიდიული​ კომიტეტი და გაიტანენ სესიაზე.

გეგმა არის პროტესტი, ყველანაირი ფორმით, ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით – რაც შეიძლება ბევრი პროტესტი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ქუჩაში. სხვანაირად არ არსებობს ძალა, რომელიც ამათ გააჩერებს.

კანონპროექტის სახელწოდება – აგენტი არის პირველი ნაბიჯი, ეს გზა გაიარა რუსეთმა. ჯერ დაგარეგისტრირებენ და მოგაწებებენ იარლიყს „აგენტს“ და გაგაშავებენ. მაგის შემდეგი ნაბიჯი არის შეზღუდვები, მათ შორის ფინანსური შეზღუდვები, რაც მოხდა ნელ-ნელა რუსეთში, გაწევა ყველა იმ დონორი ორგანიზაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აფინანსებენ ათწლეულებია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარლამენტის შენობასთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.