ზურაბ ჯაფარიძე კამპანია „შეცვალე ჩემი აზრის“ ფარგლებში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი კამპანიას „შეცვალე ჩემი აზრი“ აგრძელებს. ზურაბ ჯაფარიძე სტუდენტებს დღეს ილიას უნივერსიტეტთან შეხვდა.
მისი თქმით, შეხვედრებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ ისეთი საკითხები, როგორიც ეკონომიკა, განათლება, თავდაცვა და უსაფრთხოებაა.
ზურაბ ჯაფარიძე კამპანიის გაგრძელებას სხვა უნივერსიტეტებთანაც აპირებს.
„ცნობილი რუბრიკა არის ინგლისურენოვანი, რომელიც ჩვენ გადმოვაქართულეთ და გადმოვიღეთ. აზრი არის, რომ დავდივართ სხვადასხვა უნივერსიტეტების წინ, ვჯდები, აწერია „ჯაფარა პრეზიდენტად“. ვინც ფიქრობს და ზოგადად არ ეთანხმება ამ თეზისს, რომ მე უნდა ვიყო პრეზიდენტი და ჩემზე კარგი კანდიდატი არის ამ ქვეყანაში, აქვს შანსი, გინდა სტუდენტი იყოს, გინდა პროფესორი რომელიმე უნივერსიტეტის, გამოვიდეს, დამიჯდეს და ამიხსნას საკუთარი პოზიცია. ვეცდები, რომ გადავარწმუნო.
თუ გადამარწმუნებენ, რომ არ ვარ საუკეთესო კანდიდატი, მზად ვარ, მოვხსნა კანდიდატურა. კამპანიას გავაგრძელებ. ვაპირებთ სხვა უნივერსიტეტებთანაც მისვლას, რაც კი უნივერსიტეტი გაგვახსენდება ყველგან მივალთ. ახალგაზრდებს აინტერესებთ ბევრი საკითხი, ეკონომიკა, განათლება, პრივატიზაცია, თავდაცვა, უსაფრთხოება “,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ პირველად აქცია-პერფომანსი „შეცვალე ჩემი აზრი“ თსუ-სთან გამართა.