ზურაბ ჯაფარიძე - ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატი თუ იქნება, „გირჩის“ მხარდამჭერებს აუხსნას და გააგებინოს, რისი გაკეთება უნდა მომავალ პარლამენტში
ზურაბ ჯაფარიძე - ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატი თუ იქნება, „გირჩის“ მხარდამჭერებს აუხსნას და გააგებინოს, რისი გაკეთება უნდა მომავალ პარლამენტში

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმედი აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია საერთო კანდიდატზე რაც შეიძლება მეტ საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით შეთანხმდეს.

„იმედი მაქვს, რომ ვიქნები საერთო კანდიდატი. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის მხრიდან საერთო კანდიდატებზე შეთანხმება რაც შეიძლება მეტ ოლქში მოხდეს, თუმცა ეს საკითხი, ისევე როგორც საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილის საკითხი,უნდა იქნეს განხილული დღეს აქ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატი თუ იქნება, მას მხარს დაუჭერენ, რადგან საერთო კანდიდატების მხარდაჭერა შეთანხმების ნაწილია.

„ირაკლი ოქრუაშვილი საერთო კანდიდატი თუ იქნება, ჩვენ ვუჭერთ ყველას მხარს, ვინც არის საერთო კანდიდატი. შეთანხმების ნაწილი შეთანხმების ნაწილია. შეთანხმებიდან ჩვენ არასოდეს გავსულვართ. რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატების მიერ „გირჩის“ მხარდამჭერების ხმების მიღებას, ეს იქნება თავიდან ბოლომდე მათზე დამოკიდებული.

არიან კანდიდატები, რომლებიც ჩემი აზრით, „გირჩის“ ხმების ძალიან პატარა ნაწილს წაიღებენ მათი წარსულიდან და უახლეს წარსულში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და არიან კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ „გირჩის“ მხარდამჭერთა ხმების დიდ ნაწილს. ოქრუაშვილი რამდენ ხმას მიიღებს, არ ვიცი. ოქრუაშვილს არასდროს უსაუბრია „გირჩის“ მხარდამჭერებთან, წინ კიდევ ორი თვეა, თუ ის იქნება საბურთალოზე საერთო კანდიდატი, „გირჩის“ მხარდამჭერებს აუხსნას და გააგებინოს, რისი გაკეთება უნდა მომავალ პარლამენტში და მათ შორის დაუჭერს თუ არა იმ ხედვებს, რა ხედვების გატარებაც უნდა „გირჩს“ მომავალ პარლამენტში. თუ შეძლებს და გულწრფელობაში დაარწმუნებს…ნაწილისთვის არ იქნება მისაღები, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელბის შეხვედრის დაწყებამდე.