ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ გააგრძელებს კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან, თუმცა არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
ჯაფარიძე პროპორციულ არჩევნებზე ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება.
ჯაფარიძის თქმით, „გირჩი“ გააგრძელებს კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან, თუ როგორ შეცვალონ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, თუმცა არ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.
„გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ჩართვას ვუსმინე ეკა კვესიტაძესთან, ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებააო, არაფერი შეგეშალოთო. ჰოდა: „გირჩი“ გააგრძელებს კონსულტაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია), მაგრამ ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს, მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. კიევიდან როგორ ჩანს, არ ვიცი, მაგრამ აქ .ლე არავინ არის“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.