ზურაბ ჯაფარიძე - განვითარებულ და კარგ ქვეყნებშიც აკეთებენ სიგიჟეებს, თუმცა არის ქვეყნები, სადაც წესიერად იქცევიან
თუ ვინმე მოვა და გვკითხავს, რას ვაკეთებთ, ვეტყვით, რომ ვსეირნობთ, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
„მანიფესტაციები აკრძალულია, რადგან საგანგებო მდგომარეობაა, ამიტომ გვაქვს ასეთი აქცია – ვსეირნობთ. თუ ვინმე მოვა და გვკითხავს, რას ვაკეთებთ, ვეტყვით, რომ ვსეირნობთ. აქციით ვაპროტესტებთ საგანგებო მდგომარეობას ზოგადად და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას კიდევ ერთი თვით. ერთადერთი შინაარსი, რაც ამაში დევს, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს მოსახლეობას და რომლის მიზანიც არის პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, ვითომ მაგრად ებრძვიან ვირუსს. სინამდვილეში 22 მაისისთვის არც ვაქცინა იქნება გამოგონებული, არც წამალი, არც ვირუსი გაქრება არსად და არც ჩვენ გვექნება ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავებული, იმის გამო, რომ ვართ სახლში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, 22 მაისს ზუსტად იგივე მდგომარეობა იქნება, რაც 21 აპრილს იყო
„არაფერი შეიცვლება. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ რაღაც პიკი გადაივლის, არის ზღაპარი. ექიმებიც ჩვეულებრივად არიან გამოყენებულები პოლიტიკური შოუსთვის და ამას ვაპროტესტებთ. ამ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც კიდევ უფრო ჩამოიქცა ვირუსული პანდემიის გამო, ახლა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდება და უამრავი ადამიანი არის დარჩენილი შემოსავლის გარეშე. ადამიანები ამ ქვეყანაში ჩვეულებრივად შიმშილობენ და ხალხს ფეხებზე ჰკიდია, იმ ხალხს, ვინც სხვებს მოუწოდებენ, სახლში დარჩი და არ გამოხვიდეო“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
კითხვაზე, რომ ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნები აგრძელებენ საგანგებო მდგომარეობას და შეზღუდვებს, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა ყველგან არ არის, თუმცა, ხელისუფლებები „სიგიჟეებს“ განვითარებულ ქვეყნებშიც აკეთებენ.
„საგანგებო მდგომარეობა, ჯერ ერთი, ყველგან არ არის. მეორეც, იმის გამო, რომ მოსახლეობა არის დაპანიკებული, ხელისუფლებები, მათ შორის, სხვა განვითარებულ და „კარგ“ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ მოგვწონს, იქაც ასრულებენ დაპანიკებული ხალხის დაკვეთას. რაღაც უნდა გააკეთონ და ამის გამო სიგიჟეებს იქაც აკეთებენ, თუმცა, არის ქვეყნები, სადაც იქცევიან წესიერად და ნორმალურად. მაგალითად, შვედეთი, სადაც არანაირი მსგავსი ქმედებები არ ხდება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.