ზურაბ ჯაფარიძე - განცხადებები, რომ ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა, რადგან პარტიას რესურსი სჭირდება, არის ნონსენსი
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების არგუმენტები, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მათი ერთადერთი რესურსია, ნონსენსია.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, რესურსში შესაძლებელია მოიაზრებოდეს ასევე, დეპუტატის ხელფასი, მივლინებები, სადეპუტატო იმუნიტეტი და ა.შ.
მისივე თქმით, ამ რესურსებით სარგებლობა და ამავდროულად ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა ნიშნავს უარის თქმას მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობაზე.
„პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში – არის ნონსენსი.
მაშინ დავაკონკრეტოთ, რას ვგულისხმობთ ბოიკოტში – პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის? პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის? საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება? სადეპუტატო იმუნიტეტი? პარლამენტარების ოთახები?
მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას, ანუ, საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არ დასწრებას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან „პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი“.
პ.ს. ეს ისე, სიცხადისთვის. „გირჩი“ მაინც არ იზამს არც ერთს, თუ ბოიკოტი ძალაში დარჩა“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.