ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამართალდამცავები გუშინ მის ბიძაშვილს მისდევდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებდნენ . „გირჩის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მის ნათესავს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
” გუშინ თავზე დაადგნენ ადამიანს, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, ასფალტზე აფორთხიალეს. ჩვენ კი ის დავიცავით. ვიბრძვით, რომ ნარკოტიკების გამო არ აკავებდნენ, არ მიყავდეთ მოსაშარდად. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის არსი. „გირჩის” არსებობის აზრია, რომ ასეთი ადამიანები დავიცვათ და პოლიციელებსაც ავუხსნათ, რაც კანონიერია არ ნიშნავს, რომ სამართლიანია. გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რეალიზატორს მისდევდნენ. ეს ჩემი ბიძაშვილია. მათ სურთ ჩირქი მოცხონ „გირჩს“. გამწარდნენ , რომ სისტემას ღიად დავუპირისპირდით.” – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მ.ს. ნარკოტიკებს ასაღებდა. შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ის თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რის შემდეგაც „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს.