ზურაბ ჯაფარიძე - ერთობის გარეშე სისტემის დამარცხება ურთულესი ამოცანაა, ეს მესმის მე, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას და კიდევ ვიღაცებს, ვიღაცების შემთხვევაში ჯერ ისევ პირადი ინტერესები ძალავს
ზურაბ ჯაფარიძე - ერთობის გარეშე სისტემის დამარცხება ურთულესი ამოცანაა, ეს მესმის მე, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას და კიდევ ვიღაცებს, ვიღაცების შემთხვევაში ჯერ ისევ პირადი ინტერესები ძალავს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს შანსი, ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს და შექმნილ მოცემულობაში, ამ სისტემის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსავალია ოპოზიციურ ფლანგზე ერთობა.

ჯაფარიძის თქმით, სხვა შემთხვევაში სისტემის დამარცხება ძალიან რთული იქნება და ეს ყველამ უნდა გაიაზროს.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავით ბრიუსელში მე და გიორგი ვაშაძე, ელენე ვერ წამოვიდა, სადაც გვქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის იმ ხალხთან, რომლებიც კონკრეტულად მუშაობენ საქართველოს საკითხებზე. ამ ხალხისგან ძალიან კონკრეტულად გავიგეთ, რომ 99,9 პროცენტის ალბათობით მომავალი წლის ბოლოს იქნება შეფასება და საქართველოს ისევ ექნება უარი სტატუსზე იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას, ასეთი პოლიტიკური ნება ამ წუთში ხელისუფლებას არ აქვს, ეგ არის მოცემულობა.

ამ ქვეყანას გასაკეთებელი აქვს არჩევანი – ან წავალთ ევროპისკენ, რისი შანსიც პრაქტიკულად  არ გვაქვს ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ჩაციკლულია ძალაუფლებაზე და ძალაუფლების ხელიდან გაშვება არ უნდა, ან დავრჩებით რუსეთის ჭაობში. ამ მოცემულობაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ სისტემის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსავალი არის დიდი ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე, საერთო, სახალხო, რაც გინდათ, ის დაარქვით, მნიშვნელობა არ აქვს.

სხვა შემთხვევაში ამ სისტემის დამარცხება იქნება ძალიან რთული. საჭიროა ყველას მიერ ამის გააზრება, ყველა, ოპოზიციური მოთამაშე იქნება ეს, თუ უბრალოდ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ადამიანი, ჟურნალისტი, თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მოცემულობა. ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ და ერთობის გარეშე ამ სისტემასთან გამკლავება, დამარცხება არის ურთულესი ამოცანა. ეს არის ის, რაც მე მესმის, გიორგი ვაშაძეს ესმის, ელენე ხოშტარიას ესმის, კიდევ ესმით ვიღაცებს ოპოზიციურ ფლანგზე, ვიღაცებს ჯერ არ ესმით და ვიღაცების შემთხვევაში პირადი ამბიციები და პირადი ინტერესები ჯერ კიდევ ძალავს. ეგ არის მოცემულობა. ჩვენ ვმოძრაობთ იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ რაღაც ერთი დიდი ერთობისკენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ გარდა, თუ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, – ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მუდმივად საუბრობენ.

„დღევანელი და გუშინდელი ამბავი არ არის. თვეებია, მე პირადად ველაპარაკები ყველას“, – დასძინა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის საუბარი საარჩევნოდ რაიმე სახის კოალიციურ გაერთიანებაზე?, – ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ამაზე სუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა სამომავლოდ არაფერს გამორიცხავს.

„ჯერ არ არის მაგაზე საუბარი, მაგრამ მომავალში შეიძლება, ყველაფერი იყოს. ჯერ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი, მაგრამ მომავალში საერთო ოპოზიციური დიდი ერთობა თუ იქნება, ეგ ერთობა მათ შორის უნდა გადაითარგმნოს კი, ერთობლივ საარჩევნო კამპანიაშიც“, – განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პირველ არხს.