ზურაბ ჯაფარიძე - დიპლომატებთან შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან დაისვა ერთადერთი მთავარი საკითხი და ეს არის ხელახალი არჩევნები
მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რადგან არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს შედეგებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატებთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, დიპლომატებთან შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი დაისვა, ეს არის ხელახალი არჩევნები, რომელზეც შემდეგ შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და კანონმდებლობის ცვლილება.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პომპეოს ოპოზიციასთან შეხვედრის საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან შეხვედრა.
„მას უნდა ქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს ის მთავარი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება – გაყალბებული არჩევნები და ახალი პარლამენტის ბოიკოტი. თავისთავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი, თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის, ჩამოდის საქართველოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.