ზურაბ ჯაფარიძე - დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების წინაპირობები არ ჩანს, ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანების შექმნას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, გამარჯვების ფორმულა მაინც გაერთიანებაზე გადის.
„შარშან, ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც მანდ მგონია, რომ აქეთ მხარეს მოხდეს დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია, ამას, მათ შორის, სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე კი მეტი ძალისხმევა გავწიოთ, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ გაძლიერდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.