ზურაბ ჯაფარიძე და რამდენიმე მოქალაქე იპოდრომზე აქციის დროს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
ზურაბ ჯაფარიძე და რამდენიმე მოქალაქე იპოდრომზე აქციის დროს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზებით, იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

„გირჩის“ ლიდერები და მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, 14:00 საათისთვის შეიკრიბნენ.

ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები.

ზურაბ ჯაფარიძე და აქციის რამდენიმე მონაწილე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცველებმა მათ განუმარტეს, განყოფილებაში იდენტიფიცირების მიზნით გადაჰყავთ, რის შემდეგაც მათი დაჯარიმება მოხდება.

თავად ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პირადად მას აქციის ორგანიზებისთვის აჯარიმებენ.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ადამიანების დაჯარიმება იმიტომ ხდება, რომ არ გაჩნდეს აღქმა, თითქოს სახელმწიფო სუსტია.

ტირანიაში იკრძალება გარეთ გამოსვლა და საჯაროდ ლაპარაკი პრობლემებზე. დღევანდელი სეირნობა, როგორც ჩანს, ჩაითვალა ასეთ რამედ. ადამიანებს, რომლებიც ტირანიის წესებს არღვევენ, პოლიცია გადაიყვანს სადღაც და ჯარიმას გამოუწერს, ან რამე ასეთი მოხდება, რათა ხვრელი არ გაჩნდეს ე.წ. სისტემაში და არ ჩაითვალოს, რომ სახელმწიფო არის სუსტი, ვერ აღასრულებს კანონს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, აქციაზე რამდენიმე ადამიანი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.