ზურაბ ჯაფარიძე და „გირჩის“ 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „გირჩის“ 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩის“ მიერ დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გაიმართა საპროტესტო აქცია.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.
საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, სამი პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.