ზურაბ ჯაფარიძე - ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე, ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო
ჩემს „ტელეგრამ“-არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, წამოვიდნენ და ქუჩაში პროტესტსა და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცებზე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გააკეთონ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მასშტაბური აქციების დროს არსებობდა პრობლემები და ამის მიზეზი იყო, რომ ორგანიზატორები რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ.
„ყველას ესმოდა – ეს ხალხი გაბრაზებული იყო იმაზე, რომ არ მოგვცა ევროკავშირმა სტატუსი და ამაზე გაბრაზებული გამოვიდნენ, მაგრამ ამის იქით რა ნაბიჯის გადადგმაზე იყო ეს ხალხი მზად და რაზე იყვნენ წამსვლელები, არავის ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ და ამის გამო ვერც ჩამოყალიბდნენ, რა შეიძლება ამდენი ხანს გაეკეთებინა. მე ვაკეთებ ახლა ძალიან ჩვეულებრივად ამას. პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რათა ადამიანები დავაორგანიზო. ჩემს „ტელეგრამ“-არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, წამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტსა და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცებზე გამოთქვეს მზადყოფნა. მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის ეგეთი ხალხი, რომლებიც ამისთვის არიან მზად. ამოცანა მაქვს, რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და გავხადო რამდენიმე ათეულობით ათასი. ეგეთი ამოცანა მაქვს. ვცდილობ, დღეში ერთხელ ამ ადამიანებს რაღაც ვუთხრა, რაღაც თემასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ, რომ ბევრ რაღაცებზე წარმოდგენები მაინც გასასწორებელი გვაქვს. ვაკეთებ ყველაფერს საჯაროდ, ვლაპარაკობ ყველაფერს და არაფერს ვმალავ, მათ შორის, გეგმასაც. აქციების დროს არ იცოდნენ, რა ხალხი იყო. უნდა იცოდე, რა ხალხია და რაზე მოდიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.