ზურაბ ჯაფარიძე - ბულინგი არა შმულინგი, „სირცხვილიამ“ არასწორი ნაბიჯი გადადგა და ხალხმა გააკრიტიკა, აბა, რა უნდა ექნათ?!
ბულინგი არა შმულინგი. არასწორი ნაბიჯი გადადგეს და გააკრიტიკა ხალხმა, აბა, რა უნდა ექნათ?! – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „სირცხვილიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „გამჭვირვალობის კანონიდან“ გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გადაწყვეტილება სწორი არ არის.
„არ მგონია, სწორი იყოს რეგისტრაცია. რეგისტრაცია ნიშნავს, რომ მოგაწებებენ დამღას. რაზე არის გათვლა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ეგ ნიშნავს, რომ მიჰყვები თამაშში და ემორჩილები. მაგის შემდეგ უბრალოდ არადამაჯერებელია საუბარი, რომ მაგ სისტემის წინააღმდეგ იბრძვი, გინდა „სირცხვილია“ იყოს და ვინც გინდა, ის იყოს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
გადაწყვიტეს, ეს თემა საკუთარი პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოეყენებინათ, მეტს ეგ არაფერს არ ნიშნავს. ბულინგი არა შმულინგი, რა ბულინგი?! არასწორი ნაბიჯი გადადგეს და გააკრიტიკა ხალხმა, აბა, რა უნდა ექნათ, აბა, როგორ მუშაობა დემოკრატია? დემოკრატია მუშაობს ეგრე, რომ ადამიანები გაფასებენ. მე ყოველდღე მაბულინგებენ, რაღაცას ვაკეთებ ან რაღაცას ვიძახი და სოციალურ ქსელში რომ შეხვიდე, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. რა ვქნა, მაბულინგებენ-მეთქი, ვიძახო?“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. 31 აგვისტოს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.