ზურაბ ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილმა თოფიან სტრუქტურებში საკუთარი კადრები გაუშვა
ბიძინა ივანიშვილმა თოფიან სტრუქტურებში საკუთარი კადრები გაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს არ დარჩა ისეთი სვლა, რომლითაც მასზე განაწყენებული ამომრჩევლების ნდობას მოიპოვებს.
„ჩემი აზრით, თოფიანი სტრუქტურები რაც არის, პოლიცია და თავდაცვა ივანიშვილმა პირადი კადრები გაუშვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია იმდენად დაიძაბოს, რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს თოფიანი ხალხის ერთგულებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე არ მსმენია იზორიაზე რაიმე კრიტიკა, არც უცხოელი პარტნიორებისგან, გსმენიათ რომ თავდაცვაში რამე პრობლემებია? არა ხო? აბა რატო გამოცვალეს? იმიტომ, რომ იქ სანდო კადრი სჭირდებოდა. ივანიშვილს არ აქვს ისეთი სვლა, რომლითაც ის მოიპოვებს იმ ამომრჩევლების მხარდაჭერას, რომლებიც მასზე განაწყენებულია და მისი ერთადერთი სვლაა შემოიმტკიცოს ის, ვინც ყავდა და ამის გზა არის ღარიბაშვილი, რომელსაც ყავს მხარდამჭერები მაგალითად, როგორებიც არიან ასავალ-დასავალის მკითხველები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს დაასახელა.