ზურაბ ჯაფარიძე - ბარემ, აზარტული თამაშების მოყვარულებს ყვითელი ვარსკლავები დავახატოთ და ასე ვატაროთ
სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ზრდასრული ადამიანები რას გააკეთებენ მანამ, სანამ ისინი სხვა ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საკუთრებას ფიზიკურ ზიანს არ აყენებენ,- ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ადამიანები ბინას ყიდიან თუ სახლებიდან ნივთები გააქვთ, ეს მათი საკუთრებაა და ამ საკუთრებას რასაც უნდათ, იმას უშვებიან. აზარტული თამაში ადამიანის ჩვეულებრივი რისკიანი ქცევაა. არავითარი განსხვავება არაა იმ შემთხვევებს შორის, როცა აზარტული მოთამაშეები რისკავენ და მაგალითად, ადამიანები ბიზნესს იწყებენ, რაშიც შესაძლოა, ბინები ჩადონ, ბიზნესმა არ გაამართლოს და ბინები გასაყიდი გაუხდეთ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ აზარტული თამაშებისას სწრაფად იგებ და აგებ, ბიზნესში კი ეს პროცესი დროში უფრო გაწელილია, თორემ ორივე შემთხვევაში ან იგებ, ან აგებ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის აზარტული თამაშებისა და ნებისმიერი ასეთი ტიპის რეგულაციის წინააღმდეგია.
„ჩვენ ნებისმიერი ასეთი ტიპის რეგულაციის წინააღმდეგი ვართ. ერთია, რამდენად სწორი და სამართლიანია რეგულაციები და მეორე – რამდენად იმუშავებს“, – განაცხადა „გირჩის“ თავმჯდომარემ.
ჯაფარიძის თქმით, აზარტული მოთამაშეების შავი სიების შექმნა კატასტროფაა.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, ავტორიტარულ სახელმწიფოს ვაშენებთ, თუ დემოკრატიულს. ბარემ, ამ ადამიანებს ყვითელი ვარსკვლავები დავახატოთ და ქუჩაში ასე ვატაროთ. იგივე ლოგიკით შეგვიძლია, მსუქანი ადამიანების სია გავაკეთოთ, რადგან თუ მსუქნები ბევრ საკვებს მიიღებენ, ისინი საკუთარ ჯანმრთელობას დაიზიანებენ და ოჯახებს ფინანსურ ზიანს მიაყენებენ. ან, ვთქვათ, სეზონურად გავაკეთოთ გრიპიანი ადამიანების სია. ისინი გაცილებით უფრო საშიშები არიან, რადგან გრიპს ავრცელებენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.