ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ თუ არ დათმობს ძალაუფლებას, მშვიდობიანი გზით, ძალით დავათმობინოთ და ამას შეიძლება, დაარქვა ან არ დაარქვა რევოლუცია
არავის უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტი ოპოზიციას ეტყვის, გააგრძელეთ ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში არ შეხვიდეთო. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან, ითანამშრომლონ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „მთავარი არის, რომ ადამიანები გამოვიდნენ ძილის მდგომარეობიდან და მიხვდნენ, ასე გაგრძელება შეუძლებელია“.
„ენდიაის“ გამოკითხვა გეგმებს არ შეცვლის, იქ კითხვა იყო დასმული, უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ეგ კითხვა მე რომ დამისვა, მეც გეტყვი, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში, ეს არაფერს არ ნიშნავს. ევროსაბჭოს რაც შეეხება, არავის უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტი ახლა ოპოზიციას ეტყვის, რომ გააგრძელეთ ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში არ შეხვიდეთო, ეგ ხომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან, რომ ითანამშრომლონ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ფაქტობრივი ძალაუფლება ექნება ხელში და ამ შემთხვევაში ეს არის „ქართული ოცნება“. ისინი მათთან ითანამშრომლებენ ჩვეულებრივად, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარი არის ის, რომ აქ ამ ქვეყანაში ადამიანები გამოვიდნენ ძილის მდგომარეობიდან და მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. გამოვიდნენ ქუჩაში, რომ დაინახოს რაოდენობა ხელისუფლებამ, მხოლოდ რაოდენობა არის ის, რის გამოც შეიძლება, ხელისუფლებამ უკან დაიხიოს. ეს თუ მოხდება, მერე შეიცვლება ყველას დამოკიდებულება. ჩვენი პარტნიორები არ გააკეთებენ ჩვენს საქმეს, ჩვენი გასაკეთებელია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება აქციების გამართვის საკითხს, ჯაფარიძის თქმით, „აქციები ალბათ იქნება“.
„გირჩი“ არ ყოფილა პარლამენტში წინა ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ბევრ რაღაცას ვაკეთებდით. ბევრი მიმართულებით გავლენა გვქონდა საქართველოში პოლიტიკის ცვლილებაზე და ასე ვაპირებთ, გავაგრძელოთ. პარლამენტის ტრიბუნა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ იომო პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. მაგის გარდა კიდევ ბევრი სხვა გზა არსებობს და იმ გზებს გამოვიყენებთ, როგორც აქამდე ვიყენებდით, „გირჩს“ ეგ არ გაუჭირდება, სხვა პარტიებმა არ ვიცი, რა უნდა ქნან. არ ვიცი, რა არის მთლიანად ოპოზიციის გეგმა. მე ასეთი გეგმა არ მინახავს. შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა თქვენ, გვაქვს გეგმა, ამას ვაპირებთ, იმას ვაპირებთო, მაგრამ გეგმის დაწერა შეუძლებელია, პოლიტიკური რეალობა იცვლება ყოველწამიერად და ვერავითარი გეგმით ვერ გაყვები. ამ წუთში მგონია, რომ მთავარი გამოწვევაა შეზღუდვები და ვიბრძვი ამ შეზღუდვების მოხსნისთვის. ეს არის ჩემი გეგმა, ამას რომ დავამთავრებ, მერე სხვა რამეზე გადავალ და ასე ვაპირებ, გავაგრძელო. სხვები შეიძლება სხვანაირად უყურებენ, სხვა რამეს აფასებენ და სხვა რამეს თვლიან ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებამ მშვიდობიანი გზით უნდა დათმოს ძალაუფლება.
„თუ „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში არ დათმობს ძალაუფლებას, მგონია, რომ მშვიდობიანი გზით, ყველანაირი რაღაცების გარეშე, ძალით დავათმობინოთ და ამას შეიძლება დაარქვა რევოლუცია, შეიძლება არ დაარქვა რევოლუცია, დაარქვა ხელახალი არჩევნები. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდობიანი გზით უნდა დავათმობინოთ ძალაუფლება და მაგას რევოლუცია ჰქვია პრინციპში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.