ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში განმუხტულია, ასეთი კრიზისები მხოლოდ არჩევნებით განიმუხტება
არ მჯერა, რომ ახლა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში განმუხტულია, საბოლოო ჯამში მგონია, ასეთი კრიზისები მხოლოდ არჩევნებით განიმუხტება და ჩვენც იმავე გზის გავლა მოგვიწევს ნებისმიერ შემთხვევაში, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტში მისი შესვლა უკავშირდება მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტს.
„მე ოპტიმიზმით მაინცდამაინც არ ვარ გამსჭვალული, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერე და იქ არის პუნქტები, რომელთა შესრულებაც მართლა მნიშვნელოვანი მგონია, მათ შორის ახლა მიმდინარეობს დისკუსია და მსჯელობა საარჩევნო ცვლილებებზე. იქ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც გაართულებს არჩევნების გაყალბებას და მათი გატანა მნიშვნელოვანი მგონია. ასევე მნიშვნელოვანი მგონია საარჩევნო ბარიერის დაწევა, რომელმაც უნდა დაასრულოს ქვეყანაში პოლარიზაცია და ორპარტიული დაპირისპირება. ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მართლმსაჯულების ნაწილში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვეთანხმები ზოგადად პათოსს, რომ ამ დოკუმენტის შესრულება და ქვეყნის მიყვანა ადგილობრივ არჩევნებამდე არის მნიშვნელოვანი და შემდეგი ადგილობრივი არჩევნები ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა იქცეს რეფერენდუმად. არ მჯერა, რომ ახლა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში განმუხტულია, საბოლოო ჯამში მგონია, ასეთი კრიზისები მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით განიმუხტება და ჩვენც იგივე გზის გავლა მოგვიწევს ნებისმიერ შემთხვევაში. მათ შორის პარლამენტში ჩემი შესვლა უკავშირდება მხოლოდ ამ დოკუმენტს, მე პარლამენტში დავდივარ მხოლოდ ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების განხილვა როცა არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ეცდება, რომ ამ დოკუმენტში რაც წერია, ბოლომდე პირნათლად არ შეასრულოს, თუმცა რაც წერია, იმ რაღაცების შესრულება რამდენად გახდის საქართველოში მართლმსაჯულებას სანდოს და დამოუკიდებელს, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები.