ზურაბ ჯაფარიძე - ამ ქვეყნის მოქალაქეებს მაინც შეგვწევს უნარი, სადღაც ეს სისტემა გავარღვიოთ, ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა პროცესში მივიღეთ მონაწილეობა, ხელისუფლებას, უკვე იმ შედეგებითაც, რომელიც თავად გამოაქვეყნეს, ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ახლა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ბრიფინგებით არის ის, რომ ცდილობს, წინასწარ შექმნას განწყობა, რომ არჩევნები დამთავრდა და გაიფორმეს გამარჯვება, ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული.
„მინდა, ყველასთვის ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, გასაგები იყოს ის, რომ ჩვენ ოპოზიცური პარტიები ვიღებთ მონაწილეობას პროცესში, რასაც საქართველოში ვეძახით არჩევნებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვესმის სინამდვილეში რა პროცესია და არ გვესმის, რომ ეს არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენ როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ისევე როგორც გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა მეორე ტურებში, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დეპონსტრირება მოგვეხდინა ყველასთვის, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მიუხედავად დაშინებისა, შანტაჟისა, მიუხედავად სუს-ის სიგიჟეებისა, მიუხედავად უზარმაზარი ფულისა, რომელზეც დგას ეს სისტემა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მაინც შეგვწევს უნარი, სადღაც ეს სისტემა გავარღვიოთ.
ახლა რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ბრიფინგებით არის ის, რომ ცდილობს, წინასწარ შექმნას განწყობა, რომ არჩევნები დამთავრდა და გაიფორმეს გამარჯვება, ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული. ყველგან. ყველა უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები ახლა იბრძვიან და იცავენ თითოეულ ხმას. საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაიდოს ის შედეგები, რა შედეგებიც საბოლოო ჯამში ასახავს ქართველი ხალხის ნებას, მაგრამ არავის ქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით, ჩვენ ლეგიტიმურობას ვაღიარებთ ამ არჩევნებს. არა, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა პროცესში მივიღეთ მონაწილეობა. ამ ხელისუფლებას, უკვე ამ შედეგებითაც, რომელიც თავად გამოაქვეყნეს, ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. შეუძლებელია, რომ ისინი დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. ჩვენ უახლოეს მომავალში მივაღწევთ იმას, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ეს ქვეყანა დაადგება აღმშენებლობის გზა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.