ზურაბ ჯაფარიძე - 24 თებერვალს უკრაინელებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც რუსეთს ასეთ ტონალობაში, მეგობრულად და „ჯიგრულად“ ველაპარაკებით
დიდი პრობლემა ისაა, რომ რაღაცნაირად შევეჩვიეთ, თითქოს ნორმალური ამბავია, როდესაც ჩვენს ზურგს უკან, კაცმა არ იცის რაზე, ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან. ჩემთვის, მათ შორის, პრობლემაა ტონალობა, რაც ამ საუბარში ჩანს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, 24 თებერვლის აქციაზე ყველა უნდა მივიდეს.
„რაც უნდა გავაკეთოთ 24 თებერვალს, არის ის, რომ დავანახოთ, პირველ რიგში, უკრაინელებს, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც ამ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთი ბავშვებს ხოცავს, ჩვენ რუსეთს ასეთ ტონალობაში მეგობრულად და „ჯიგრულად“ ველაპარაკებით. ეს ამაზრზენია. 24 თებერვალს, პირველ რიგში, უკრაინელებს, შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს უნდა დავანახოთ და მათ შორის საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რომ ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელიც არის ბუნებრივი და ნორმალური ამ ქვეყნისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენ ასე არ გვზრდიდნენ. 24-ში ეს არის გასაკეთებელი. ამიტომ 24 თებერვალს რუსთაველზე, პარლამენტის წინ ყველა შევიკრიბოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.