ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ზურაბ ჯაფარიძე სახელის შეცვლას გეგმავს
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, პარტიის სახელით არ არეგისტრირებს.
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის ხვალ იუსტიციის სამინისტროს სახელის შეცვლის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს.
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრინციპული საკითხია საარჩევნო ბიულეტენში „გირჩი“ ეწეროს. შესაბამისად, მას სურს საკუთარ სახელს „გირჩი“ დაამატოს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდეს.
„ცესკო-მ დაგვიდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები „გირჩის“ კანდიდატი. პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო.
ჩემთვის და „გირჩელებისთვის“ პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს „გირჩი“. საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, „გირჩისთვის“ ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს. ცალ-ცალკე „გირჩამდეც“ გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის, რაც არის „გირჩი“, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა. რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას, გადავწყვიტეთ შემდეგი – ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name – „გირჩი“ ანუ, რომ გავხდე – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზით „გირჩი“ მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.
ის იუსტიციის სამინისტროს სახელის ცვლილების ვადებთან დაკავშირებით მიმართვას და ამ საკითხის დაჩქარებულ ვადაში წარმოებას ითხოვს.
„ვიცი, რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ თუმცა, ჩემ შემთხვევაში, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით. შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა”, – წერს ჯაფარიძე.
ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ იცის, სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული, შესაბამისად, გირჩი მის middle name-ად სამუდამოდ დარჩება, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.