ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან შერიგებას გამორიცხავს
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან შერიგებას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, მისთვის მისაღებია, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა თანამდებობაზე მის დარჩენას არ ეთანხმება.
„მოსამართლის შეფასებას მივესალმები, მისი დაჭერა არავის სურვილი არ ყოფილა, უბრალოდ, მოსამართლეს შეეძლო, რომ მისთვის თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთმია, რაც უბრალოდ, დროის პროცესია. ვიცი, რომ დატოვებს ის თანამდებობას. მე მაქვს განცდა, რომ სიმართლე იზეიმებს“, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.
მისივე თქმით, გეგა გეგეშიძე თანამდებობას არ უნდა იკავებდეს, რადგან მისი მმართველობისთვის დამახასიათებელია, სპორტსმენთა დაბლოკვა და არასწორი მმართველობა.
„ჩემი თანამშრომლობა მოქმედ პრეზიდენტთან გამორიცხულია. მე ვერ შევურიგდები ასეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი. მისთვის დამახასიათებელია არასწორი მმართველობა, იმ სპორტსმენების დაბლოკვა, ვინც თვალში არ მოსდის“, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.
სპორტსმენი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და გეგეშიძის ფედერაციაში დარჩენის შემთხევაში, ნაკრების დატოვებას გეგმავს. ამ დროისთვის, დათუნაშვილი, პირად მწვრთნელთან ერთად გადის წვრთნებს.
2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.