ზურაბ ჩხაიძე - პოლონელ კოლეგებთან განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ჩატარებული კვლევები, სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, კოლეგიალური შეხვედრა იყო
„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გუშინდელი შეხვედრა, ადრე ჩატარებული სხვა ნებისმიერი შეხვედრისგან განსხვავებით, კოლეგიალური იყო.
„მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენს კლინიკაში ვიზიიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები. ეს იყო ექიმი ნეიროქირურგი და მეორე, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ასევე ტოქსიკოლოგი. შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ, კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, კოლეგიალური შეხვედრა იყო ნამდვილად. ნამდვილად საგნობრივი შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა, ჩატარებული წინა კვლევები. იყო ნამდვილად კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა, განსხვავებით წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდათ. არა მარტო უცხოელი ექსპერტები იყვნენ წინათ, თუნდაც იგივე ქართველი ექსპერტები, რომლებსაც, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ კომუნიკაცია ჩვენი კლინიკის ექიმებთან. მათგან განსხვავებით, იყვნენ ძალიან კომუნიკაბელურები, ძალიან კოლეგიალურები და ერთობლივად განვიხილეთ. რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ გააკეთებენ განცხადებას“, – განაცხადა ზურაბ ჩახაიძემ.
კითხვაზე, ჩაუტარებენ თუ არა პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამატებით კვლევებს, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ისინი დაეთანხმნენ „ვივამედში“ ჩატარებულ კვლევებს და რეკომენდაციებს.
„დამატებით კვლევებს, რაც ჩვენ ჩატარებული გვაქვს, სრულად დაეთანხმნენ. ის, რაც თვითონ რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ ეს რეკომენდაცია გვქონდა პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე. თუნდაც ხერხემლის პუნქციის ჩატარება, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი. მათაც ეს შესთავაზეს. სხვა დანარჩენი, მაგალითად კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველაფერი იყო ჩვენი საერთო აზრი და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი ესაუბრნენ პაციენტს“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად მოიმატა წონაში. კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, ეს გახდეს მისი საპატიმროში გადაყვანის მიზეზი, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ წონაში მატება არ არის სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი.
„რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. მომატებულია წონაში, ჩვენ ეს ძალიან გვხარებს და, მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც. წონაში მატება არანაირად არ არის განმსაზღვრელი სადმე გადაყვანის. რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქმით, პაციენტის მხრიდან ექიმების რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით გაუმჯობესება არის, თუმცა ჩხაიძის თქმით, სასურველია, მიხეილ სააკაშვილმა მეტად გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.
„შეიძლება, ითქვას, რომ გაუმჯობესება ამ კუთხით ნამდვილად არის, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად გაითვილოსწინოს ჩვენი რეკომენდაციები, თუნდაც კვების ნაწილში“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.