ზურაბ ჩხაიძე - მივმართავ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, ნუ გვიშლიან ხელს, ფაქტია, რომ სააკაშვილი ასრულებს მათ რეკომენდაციებს
მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ნუ გვიშლიან ამაში ხელს, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, პაციენტი სააკაშვილი კვებასთან დაკავშირებით „ემპათიის“ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
„მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს. გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს დავადანაშაულებთ, მაგრამ ფაქტია, რომ პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. დიახ, კალორაჟი, ყველაფერი შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ. შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას. ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ არა გასაუარესებლად. მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება, დამძიმდეს. ეს ეხება კვებასაც, მედიკამენტების შერჩევითობასაც. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა, ესეც, პირდაპირ ვამბობ, ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა. ამიტომ ჩვენს ექიმებს ნაკლები საშუალება ეძლეოდათ. მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე და შემდეგ დასმულიყო კითხვა, „რა გააკეთეთ თქვენ ამ რვა თუ ცხრა თვის განმავლობაში?“ ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცილდა, უკვე უვიცებად მოიხსენიებს კლინიკის ექიმებს. არ არის ქალბატონი ჯიშკარიანი პრაქტიკოსი ექიმი, ამიტომ პრაქტიკოს ექიმებს რეკომენდაციებს ვერ მისცემს, მკურნალობის კორექციაში ვერ ჩაერევა ვერანაირად. ამ მართვაში ხელის შემშლელი ფაქტორი ძირითადად რაც არის, ეს არის „ემპათიის“ ჯგუფი. ეს არის დისკრედიტაცია მთლიანად მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოების, რომელიც ცნობილია თავისი უმდიდრესი ტრადიციებით მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ უცხოელი ექიმები, რომლებიც სააკაშვილის საქმეში არიან ჩართულები, „ემპათიისგან“ არასწორ ინფორმაციებს იღებენ.
„მეორე ნაწილს რაც შეეხება კონსულტანტებთან დაკავშირებით, მხედველობაში მყავს მოწვეული კონსულტანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროპის წამყვანი ქვენებიდან. ჩვენ გვაქვს უცხოური კავშირები, პირადად მე ჩემი აკადემიური საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს აშშ-ს წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ევროპის წამყვან სამედიცინო ორგანიზაციებთან. ნამდვილად დასაფასებელი ადამიანები არიან, ნამდვილად დარგის პროფესიონალები არიან, მაგრამ ისინი მსჯელობენ „ემპათიისგან“ მიწოდებული მასალების საფუძველზე, დასკვნებს აკეთებენ მიწოდებული მასალებისგან. პირადად მქონდა საუბარი ძალიან პატივსაცემ ადამიანთან, დოქტორ კობისთან, ამ ადამიანმა მითხრა ყველაფერი, რამდენად დამახინჯებული ფორმით მიეწოდებოდა მასალა. ჩვენ პაციენტზე ვერ გავბრაზდებით, ვერ გავნაწყენდებით. პაციენტზე ყოველთვის ვიზრუნებთ, თუმცა რაც „ემპათიასთან“ დაკავშირებით ვთქვი, მათი საქციელი არის სრულიად არაეთიკური. ბატონი მიხეილ სააკაშვილი თვითონ იყო მომსწრე, რა შეურაცხყოფას აყენებდა ქალბატონი ჯიშკარიანი მის მკურნალ ექიმს, ქალბატონ თამარს. ბატონმა სააკაშვილმაც, რომელიც ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, გვთხოვა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიგვექცია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებს, ნამდვილად შემდგარი სპეციალისტები არიან თავიანთი დარგის, მაგრამ ისინი ნახულობენ იმას, რაც მოცემულობა არის“, – განაცხადა ჩხაიძემ.