ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილს პალატის შეცვლასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს
ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილს პალატის შეცვლასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს სხვა პალატაში ტელევიზორი არ აქვს, აბსოლუტურად არასწორია. ამის შესახებ ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს პირობები უფრო გაუმჯობესებული აქვს.

„ვიტყოდი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებია, რადგან მეტი ფართობია და ანალოგიურ პირობებშია. გადასვლისას რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ინტერნეტის ხარვეზი. დარწმუნებული ვარ, გიული ალასანიას სახლშიც შეიძლება ხანდახან ინტერნეტი ეთიშებოდეს. ინტერნეტის ხარვეზი რამდენიმე საათში აღმოიფხვრა. ერთი თვეა, მასთან და ოჯახის წევრებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია პალატის შეცვლასთან დაკავშირებით და გაუფრთხილებლად არ გადაუყვანიათ, მათთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. სააკაშვილს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, იცოდა ამის შესახებ და არ გამოუთქვამს პრეტენზია.

ამასთან, როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, სააკაშვილისთვის პალატის შეცვლა კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო მოხდა.

„სააკაშვილს პალატა შეეცვალა იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ჩვენი დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილება. გაფართოვდა დეპარტამენტი, ზოგი დეპარტამენტი დაგვემატა, ამიტომ არ გვყოფნიდა სივრცე, სადაც უნდა განთავსებულიყო ეს დეპარტამენტები და მოხდა პალატის შეცვლა, ასე ვთქვათ, ერთი ფლიგელოდან მეორე ფლიგელში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.