ზურაბ ჩხაიძე - ჩავატარეთ არაერთი კვლევა, სადაც გამოირიცხა რაიმე ხელის შემშლელი პირობა სააკაშვილის მიერ საკვების არმიღებასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც იგივე გრძელდება, არ ხდება შეთავაზებული კალორაჟის მიღება
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ არ იღებს საჭირო კალორაჟის საკვებს.
მისივე თქმით, სააკაშვილს ჩაუტარდა რამდენიმე სახის კვლევა, რითიც საკვების არმიღებასთან დაკავშირებით რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი გამოირიცხა.
„საკმაოდ რთულია კვებასთან დაკავშირებული საკითხი. ერთ-ერთი რთულია ამ კონკრეტული პაციენტის მართვის პროცესში. ვერ იღებს თუ არ იღებს საკვებს – ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კვლევა, სადაც გამოირიცხა რაიმე წინააღმდეგობის ან ხელის შემშლელი პირობის არსებობა საკვების არმიღებასთან დაკავშირებით. ასევე, ენდოკრინოლოგიური კუთხით ჩაუტარდა კვლევა, საიდანაც მიღებულ იქნა დასკვნა, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რომელიც შეიძლება, პროცესის ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს, თუმცა მაინც იგივე გრძელდება. მაინც არ ხდება ჩვენ მიერ შეთავაზებული კალორაჟის მიღება, რომელიც, სულ მცირე, 1700-მდე კალორიის ფარგლებშია. დღე-ღამის განმავლობაში იღებს 400-450 და, მაქსიმუმ, 500 კალორიას“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ამასთან, როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, სააკაშვილი ცილოვანი დანამატების მიღებაზე დაითანხმეს, თუმცა მას მცირე დოზით იღებს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პარენტერალური კვებაც შესთავაზეს, რაზეც დღემდე კატეგორიულ უარს აცხადებს.
„ვთავაზობთ ცილოვანი დანამატების მიღებას ე.წ. მედი დრინქის საშუალებით. ესაა სასმელი, რომელიც რთული მისაღები არაა. როგორც იქნა, პაციენტი ბოლო პერიოდში ამაზე დავითანხმეთ. ერთ დანამეტს იღებს, ფაქტობრივად ეს არის მიზერი, მინიმალური დოზის მეხუთედი. თავდაპირველად შევთავაზეთ შესაბამისი კალორაჟის შემცველი საკვების მიღება, რაც არ სრულდება. ამის შემდეგ შევთავაზეთ ცილოვანი დანამატების მიღება, რაც პრაქტიკულად არ სრულდება, რეკომენდებული დოზის მეხუთედს იღებს. ყოველ ჯერზე ვცდილობთ, დავარწმუნოთ პაციენტი, მიიღოს შესაბამისი დოზა. გაიდლაინების შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე ხდება პარენტერალური კვების შეთავაზება. პარენტერალურ კვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, რადგან ვიცით განცხადებები ამის შესახებ რაც იყო – რამდენად აქვს კლინიკას ამის გამოცდილება, აქვს თუ არა საერთოდ. ძალიან უსაფუძვლო კითხვები იყო, რადგან კლინიკას, რომელშიც თანამედროვე რეანიმაციული განყოფილებაა და პაციენტების უმეტესი ნაწილი პარენტერალურ კვებაზე იმყოფება, ამის გამოცდილება აქვს. ნებისმიერ რეანიმატოლოგს აქვს კომპეტენცია, ჩაატაროს პარენტერალური კვება, თუმცა ჩვენ ვერ მივიღეთ თანხმობა ვერც წინა შეთავაზებაზე და ვერც ამ ეტაპზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სამედიცინო ისტორიაში ჩაწერილია ყველაფერი სააკაშვილის მკურნალობის პროცესის შესახებ.
„სამედიცინო ბარათში, ყველა ჩანაწერში მკურნალი ექიმის, კონსულტანტი სპეციალისტების მიერ დაფიქსირებულია, როგორ მიმდინარეობს პროცესი, პაციენტი რაზე აცხადებს უარს და რაზე თანხმობას. არის პერიოდი, როდესაც პაციენტი უფრო მრავალფეროვან საკვებს იღებს, რაოდენობრივადაც უფრო უმატებს საკვების მიღებას და არის პერიოდი, როდესაც უარს აცხადებს. ეს ხან რას უკავშირდება და ხან რას. მე ამას ვერ დავაკონკრეტებ“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ამასთან, ზურაბ ჩხაიძემ უპასუხა კითხვას, რამდენად იყო თანხვედრაში კლინიკისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის მსჯელობა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
„რაც მოვისმინე, ძირითად ნაწილში თანხვედრაშია. დახურულ სივრცესთან შეუგუებლობას რაც შეეხება, რაზეც იყო საუბარი, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობთ. ჩვენს ფსიქიატრსაც გამოტანილი აქვს ეს დიაგნოზი, ჩანაწერიც აქვს გაკეთებული, რომ პაციენტს დახურული სივრცის შეუგუებლობა აქვს და ძირითადი პრობლემები აქედან მოდის“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ ფსიქიატრი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას დაწერს.
„ველოდებით შეთანხმებას თარიღსა და დროზე. სავარაუდოდ ეს იქნება ხვალ და ან ზეგ. დაწერს დასკვნას, იმას რაც არის დაფიქსირებული ისტორიაში, თუნდაც საკვების მიღება- არმიღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.