ზურაბ ჩხაიძე - ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს, სამედიცინო ეთიკის დარღვევას, ნიმუშების გატანის აკრძალვა არ ყოფილა, როგორც კი გაიცა ნებართვა, პოლონურ მხარეს ნიმუშის აღებისთანავე გადავეცით
გაუარესება ნამდვილად არ არის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში არაფერი შეცვლილა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს ბოლო პერიოდი, შეიძლება ითქვას, არის სტაბილური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.
ჩხაიძემ ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „ვივამედში“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე. მისი თქმით, ეს ფაქტი სამწუხაროა.
„ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს. მართლა ძალიან სამწუხაროა. ძალიან ცუდი ინციდენტია. ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო ეთიკის დარღვევა. მით უმეტეს, ამ ნიმუშების გატანის არანაირი აკრძალვა არ ყოფილა. როგორც კი ოფიციალურად გაიცა ნებართვა ნიმუშების გადაცემაზე, პოლონურ მხარეს იქვე გადავეცით, ნიმუშის აღებისთანავე“, – აქღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პოლონელი ექიმების თანდასწრებით ხდებოდა ნიმუშების აღება და იქვე გადაეცემოდათ მოწვეულ ექიმებს.
„იქ იყო სპეკულაციები, რომ შეიძლება, ნდობის ფაქტორი იყოს ნაკლები კლინიკის მიმართ და ამიტომ მოხდა დამატებითი ნიმუშის აღება. ის ნიმუშები არსად გატანილა, პოლონური მხარის თანდასწრებით იქნა აღებული და პირდაპირ გადავეცით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
პოლონელი ექიმის მიერ ნიმუშების დამალვის ამსახველი შიდა კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ჩხაიძემ განაცხადა, რომ ეს საგამოძიებო და პენიტენციური უწყებების პრეროგატივაა.
„არ ვიცი, ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა, შიდა კადრებზე იქნება ეს დაფიქსირებული. მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან ეს არის საგამოძიებო სამსახურებისა და პენიტენციურის დაწესებულების პრეროგატივა. შიდა კადრებზე ვერაფერს ვიტყვი. ეს ასევე იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
გიული ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პოლონელი ექიმის მიერ ნიმუშების გატანის ფაქტზე დამნაშავე პენიტენციურ დაწესებულებაა, ჩხაიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნაურია პენიტენციური დაწესებულების დადანაშაულება პოლონელი ექიმის მიერ განხორციელებული ფაქტის გამო.
„ძალიან უხნაურია, რაში უნდა დაადანაშაულო პენიტებციური დაწესებულება და რა უნდა დაეგეგმა პენიტენციურ დაწესებულებას? რა შუაშია? საერთოდ, ეს ფაქტი შესრულებული იქნა მოწვეული ექიმის მიერ. მან თვითონ ჩაიდინა ეს ფაქტი და ეს ყველაფერი დადასტურდა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
ჩხაიძის განცხადებით, პოლონური მხრიდან მადლიერებაც გამოიხატა თანამშრომლობასთან დაკავშირებით. „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა დასძინა, რომ კლინიკის კარი უცხო ქვეყნის ექიმებისთვის კვლავ ღიაა.
„მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ღია, გახსნილები ნებისმიერი კონსულტანტის მიმართ ნებისმიერი ქვეყნიდან, პოლონეთი იქნება, იაპონია, ჩინეთი, ნებისმიერი შეიძლება მოვიდეს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ პოლონელ ექიმებთან ჩვენი შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო და პოლონეთის მხარის განცხადებაში მადლიერებაც არის გამოხატული ჩვენი კლინიკის ექიმების მისამართით და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი წონაშია დაკლებული, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ეს ტყუილია.
„გუშინდელი განცხადება იყო გაუგონარი ტყუილი. ასე ვთქვათ, პირდაპირ მოიტყუა ადამიანმა. ჯერ ერთი, აწონვა გუშინ არ შემდგარა. როდესაც ჩვენ ავწონეთ პაციენტი, იყო მეტი და ადგილი ჰქონდა წონაში მატებას. აი, ასეთი ტყუილებზე უფლებადამცველების მხრიდან, განსაკუთრებით იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც გუშინ ძალიან ღიად სიცრუე თქვა, იქნება შესაბამისი რეაგირება უკვე კლინიკის მხრიდან და ყველა ცილისწამებაზე, რასაც მისი ხელმძღვანელობით ეწევიან თუნდაც იგივე უფლებადამცველები თუ ზოგიერთი ვაი ჟურნალისტი. ჩვენ წონის დასახელება არ შეგვიძლია, ამის გამო გვაჯარიმებენ, თუმცა 63 კილოგრამზე ნამდვილად ბევრად მეტია“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.