ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში
რვა წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კორონავირუსთან გასამკლავებლად საჭიროა:
1. არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი.
ამისათვის საჭიროა, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, საჯაროდ გამოქვეყნებული და ახსნილი, რომელ პაციენტებს აგზავნიან შესაბამის ცენტრებში (ინფექციური, რესპუბლიკური) დიაგნოსტიკაზე.
როცა იმატებს შემთხვევები, რას ვაკეთებთ? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?
ვიმეორებ: საჭიროა ყველა დონეზე მკაფიო ინსტრუქცია, რომ ჰოსპიტალური სექტორი ისე არ გადაგვეტვირთოს, რომ მერე მძიმე შემთხვევების მართვაზე რესურსი არ გვეყოს.
2. ფიზიკური კონტაქტის აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანა
– გასვლა მხოლოდ სურსათზე და აფთიაქში
– მხოლოდ აუცილებელი სამსახურები (ექიმები, ექთნები, სოციალური სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.)
– დანარჩენი სამსახურების დისტანციურ (სახლიდან) მუშაობაზე გადაყვანა, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სადაც ეს ვერ ხერხდება, დეზიფენქციისა და თავდაცვის მაქსიმალური ზომები
– საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დეზინფექცია მერიის სამსახურების მიერ
თხოვნა ტელევიზიებს: რესპონდენტები ჩართეთ ფეისბუქის, სკაიპის და ა.შ. საშუალებით.
3. ფინანსები
პირველი და მეორე პუნქტის ღონისძიებებს სჭირდება ფული, კერძოდ,
– დამატებითი სახსრები ჰოსპიტალურ სექტორს
– დამატებითი სახსრები აუცილებელ სამსახურებში მუდმივ დეზინფექციას
– საგადასახადო შეღავათი ბიზნესს, რომ ადვილად გადაიტანონ ეს ვარდნა შემოსავლებში („ევროპულმა საქართველომ“ წინადადებები წარვუდგინეთ მთავრობას)
ამ სამი პუნქტის შესასრულებლად ყველაზე სერიოზული პრობლემაა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიღარიბე.
სახლში ადვილად დაჯდება და მომდევნო რამდენიმე თვე თავს გაიტანს გერმანელი, რომელსაც შემნახველ ანგარიშზე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი ევრო აქვს.
ათასობით ქართველი ყოველდღიურად გარეთ გამოდის იმ და მაქსიმუმ მეორე დღის სარჩენი ფულის საშოვნელად. მათთვის სახლში დაჯდომა შიმშილს ნიშნავს.
ამიტომ ვეუბნებოდით „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი.
ჩვენ რვა წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, როდესაც ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს.
სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება რადიკალური გადალაგება, რომ ქვეყანამ – დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც – ამ ყველაფერს გაუძლოს“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქზე“.