ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ პროკურატურას არაფერი ჰქონდა სათქმელი, თემის კიდევ ერთხელ სკანდალად ქცევა, „თიბისისა“ და ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგაა მიმართული
პროკურატურას „თიბისი ბანკის“ საქმეზე ახალი არაფერი უთქვამს, ცხადად იკვეთება მიზანი, რომ „თიბისი ბანკი“ და მისი დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მუდმივად შეტევის სამიზნეები იყვნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება საქართველოს საინვესტიციო იმიჯსა და გარემოს აზიანებს.
„პროკურატურას „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს. ცხადად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება’’ , მთავრობა და პროკურატურა, რომელიც ორი დღის წინ გვიმტკიცებდა, რომ პარლამენტში არ უნდა მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა, რადგან დაზიანდება ბანკი, იგივე ხალხი დღეს, ისე რომ ახალი ფაქტი არ წარმოუდგენიათ, კვლავ აგრძელებენ ამ თემის სკანდალად ქცევას. ცხადად იკვეთება მიზანი, „თიბისი ბანკიც“, ხაზარაძეც და ჯაფარიძეც მუდმივი შეტევის სამიზნეები იყვნენ. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ბანკს ან საფინანსო სექტორს კი არ აზიანებს, აზიანებს მთელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და აზიანებს, რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტს, სადაც კონსორციუმი დიდი ძალისხმევით ცდილობს გადაარჩინოს პროექტი სრული კოლაფსისგან“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი შეფასებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება, მაშინ, როცა უწყებას ახალი არაფერი ჰქონდა სათქმელი, ბანკისა და მისი დამფუძნებელების დაზარალებისკენაა მიმართული.
„თუ პროკურატურას არაფერი ჰქონდა სათქმელი, თემის კიდევ ერთხელ სკანდალად ქცევა მიმართულია მხოლოდ იმაზე, დააზარალონ ბანკიც და ხაზარაძე-ჯაფარიძეც“, – განაცხადა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები წარადგინა.