ზურაბ ჭიაბერაშვილი - ტესტირებათა რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა
ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ქვეყნის ინტერესებზე იზრუნოს და რამდენიმე ნაბიჯი დაუყოვნებლივ გადადგას.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ტესტირებათა რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა.
„უნდა მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება; ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს საგადასახადო ტვირთი და მეტი ფული დაუტოვოს ხალხს; მოქალაქეებსა და ბიზნესს უნდა დაუბრუნოს საპენსიო ფონდში დაგროვილი მათი კუთვნილი თანხა; ასევე სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მიმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახმარებლად“, – აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საგანგებო მდგომარეობას შერჩევითად იყენებს.
„ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოსთვის ამ ურთულეს პერიოდში, როცა ეპიდემიის საფრთხის პარალელურად გაჩერებულია ეკონომიკა და ასიათასობით ჩვენი მოქალაქე ყოველთვიური შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, ქვეყნისთვის დამაზიანებელ გზას ადგას. ხელისუფლება არ მიმართავს ინტენსიურ ტესტირებას. მეტიც, არათუ აღნიშნულ მოთხოვნას, არამედ ეპიდემიის ბრძოლის მათეულ ხედვაზე კრიტიკულ შეკითხვებსაც კი ისინი ლამის ქვეყნის მტრობად აცხადებენ, რაც შემაშფოთებელი და სახიფათო ტენდენციაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ტესტირების ნაკლებობა დაბალი სტატისტიკის შენარჩუნებას ემსახურება და რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი საზოგადოებისთვის დაფარულია. სრულად არის გამოსაყენებელი ლუგარის ლაბორატორიის მძლავრი კვლევითი რესურსი. ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად უნდა გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ რაიონში რამდენი ტესტი ჩატარდა, ასევე, მონაცემები შესაბამის რისკ-ჯგუფების, პირველ რიგში, მედპერსონალის ტესტირების შესახებ. ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები არაფრად აგდებენ გადაადგილებასთან თუ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. მაშინ, როცა გაჩერებულია ათასობით ბიზნესი და გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.