ზურაბ ჭიაბერაშვილი - შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რეგულაციებისა და გადასახადების შემცირებაშია
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზემოქმედებაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა კონკურენციის სააგენტოს განცხადებასთან დაკავშირებით.
ჭიაბერაშვილის თქმით, ფასების ზრდა, რომელიც მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს, ლარის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის „ქართული ოცნების“ მიერ არასწორი ნაბიჯებით დასუსტების შედეგია.
მისი შეფასებით, საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც ეკონომიკა, ლარი დაასუსტა და სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდა განაპირობა.
„2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 11.22 პროცენტით ანტიბიოტიკები, 6.29 პროცენტით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, 5.64 პროცენტით ვიტამინები, 4.87 პროცენტით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, 3.1 პროცენტით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. ეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩადებული თანხების ადეკვატურ ათვისებას და ათიათასობით მოქალაქისთვის მედიკამენტების გაძვირებით გამოწვეული სიდუხჭირის შემსუბუქებას“, – განაცხადა დეპუტატმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.
„გამოსავალია „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგულაციებისა და გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან – საინფორმაციო საშუალებებში ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა. „გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები შესაძლოა კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკ-ფაქტორებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.