ზურაბ ჭიაბერაშვილი - სენატში მოსმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ არჩევანის ჩამოყალიბებაში, რაც საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება
სენატში მოსმენაზე რაც ითქვა, არის საყურადღებო და ამ მოსმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ არჩევანის ჩამოყალიბებაში, რაც საქართველოს ელოდება 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროპაში და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ იზოლაცია სიღატაკეში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა.
„რაც სენატში მოსმენაზე ითქვა, არის საყურადღებო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოსმენას იმ არჩევანის ჩამოყალიბებაში, რაც საქართველოს ელოდება 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს – კეთილდღეობა ევროპაში და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების” იზოლაცია სიღატაკეში. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება” გახდა ბარიერი, წინაღობა ქართველი ხალხისთვის, რომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და მიიღოს, მათ შორის, 14-მილიარდიანი მხარდაჭერა, ზუსტად ამას გულისხმობდა ამერიკელი სენატორი, როდესაც ამბობდა, რომ ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლებას და ქართველი ხალხისთვის გაიხსნება უზარმაზარი შესაძლებლობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ხელიდან უშვებს იმ უზარმაზარ დახმარებას, მათ შორის, 14-მილიარდიან დახმარებას, რომელიც შეიძლება საქართველოსკენ წამოვიდეს. „ქართული ოცნების“ მიზანია, თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი გაღარიბდეს და გაიქცეს აქედან. სამწუხაროდ, ქვეყანა იცლება და ამას ხედავთ ყველანი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.