ზურაბ ჭიაბერაშვილი - სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ქაღალდზე დარჩა
სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ქაღალდზე დარჩა, რადგან პროგრამაში მხოლოდ 13 000 ადამიანი ჩაერთო, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.
„საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა პრაქტიკულად ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასი ათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში მხოლოდ 13 000 ადამიანი ჩართო. 2017 წლის 1-ელ მაისს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200 000 მოქალაქე ისარგებლებდა. როგორც „ევროპული საქართველოს“ მიერ პროგრამის შესწავლამ გამოავლინა, 2017 წელს პროგრამით სულ 13 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი
ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა არა ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება.
„უკიდურესად გაჭირვებული ათი ათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა, მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მედიკამენტების გაძვირებამ ათი ათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. ჭიაბერაშვილის თქმით, 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. მისივე განცხადებით, ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ.
„ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხიდან 57%-ის გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევს. ჯიბიდან გადახდების 2/3-ს მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს. ამ დროს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2017 წელს გამოყოფილი 3,6 მლნ ლარიდან ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 2,6 მლნ დახარჯა“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.