ზურაბ ჭიაბერაშვილი - საჭიროა, ვიცოდეთ მეტი ინფორმაცია, არის თუ არა საკმარისი რეანიმაციული საწოლები, სასუნთქი აპარატები და რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არ ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა და ჰოსპიტალური სექტორი მზად არიან, კორონავირუსის გამოწვევას გაუმკლავდნენ.
საუბარია კორონავირუსით ინფიცირების გართულებული შემთხვევების მართვაზე.
„ვირუსის გავრცელების რისკი ქვეყანაში მომატებულია და ამ პირობებში ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე კრიტიკულ საკითხზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მზად არიან ამ გამოწვევებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოსპიტალური სექტორის მზაობას იმ პრობლემისთვის, რომელიც სულ უფრო მეტად გვიახლოვდება. ეს ეხება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გართულებული შემთხვევების მართვას. სამწუხაროდ, რასაც ვუყურებთ, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში ასეთი პაციენტების რაოდენობა სულ უფრო მეტად მზარდია და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მისი ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს ამისთვის“ ,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა მეტი ინფორმაცია, არის თუ არა საკმარისი რეანიმაციული საწოლები, სასუნთქი აპარატები და ამ მიმართულებით რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო.
„მეორე კრიტიკული საკითხი არის დიაგნოსტიკა, სრულ ნდობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ლუგარის ლაბორატორიას და მადლობლები ვართ იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რაც შეერთებულმა შტატებმა ამ სფეროში საქართველოსთვის გააკეთა. იმავდეროულად, რაც უფრო მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, საწუხაროდ, უფრო მეტად დაგვჭირდება დიაგნოსტიკური სიმძლავრეების გაზრდაც და ძალიან მნიშვნელივანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ შექმნას ბიუროკრატიული ბარიერები იმ ლაბორატორიებისათვის და ცენტრებისთვის, რომლებსაც დღეს აქვთ ინფრასტრუქტურაც და პერსონალიც, რათა ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის გარეთაც ჩატარდეს მსგავსი დიაგნოსტიკური კვლევები, თუ კი იქნება საკმარისი რეაქტივები“ ,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, მესამე კრიტიკული საკითხი ეხება ყველაზე უფრო დაუცველი და მაღალი რისკის ჯგუფებისადმი ყურადღებას.
„მესამე კრიტიკული საკითხი არის ჩვენი ყველაზე უფრო დაუცველი და მაღალი რისკის ჯგუფებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენ ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსგან არაფერი მოგვისმენია იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს იგი, გაგრძელდეს ის სამედიცინო, თუ სიციალური სერვისები, რაც გულისხმობს მაგალითად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ტარებას დღის ცენტრებში, სადაც ისინი იღებენ ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციისთვის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისების.
ჩვენ არაფერი მიგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროსგან, თუ როგორი უნდა იყოს მოხუცებულთა პროტოკოლები პანსიონატებში. ჯანდაცვის სამინისტრომ გაცილებით ფართოდ უნდა იმსჯელოს და იზრუნოს იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც შემთვევების რაოდენობა იმატებს და ის შეიძლება გავრცელდეს ჩვენი საზოგადოების ისეთ ნაწილზე, რომელიც ჩვენს განსაკუთრებულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას საჭიროებენ. მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, რომ ყველა ამ საკითხე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას“ ,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.