ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქართველი ხალხი ერთიანია და ეს გამოჩნდება 26 ოქტომბერს
„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ არჩევნებში მარცხდება და ცდილობენ, თავიანთი მომხრეების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება. ამას მათთვის სასურველი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და ეს გამოჩნდება 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხის პრობლემებზე საუბარს გაურბის.
„ფაქტია, 12 წლის განმავლობაში ქვეყანა უკან წავიდა და ათასობით ადამიანი გადის ქვეყნიდან, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რა ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა საქართველო. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გაურბის ხალხის პრობლემებზე საუბარს. ხალხის პრობლემები კი საყოველთაოდ ცნობილია: მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი, რაც ადამიანებს ოჯახის რჩენის საშუალებას არ აძლევს, შედეგად კი ვიღებთ კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას, ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს.
ამ ფონზე, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება ვერანაირი დიალოგი ხალხთან, რადგან ასეთი მძიმე მდგომარეობის ახსნა არის ერთადერთი: კორუფციული სქემები „ქართული ოცნების“მხრიდან, კლანები, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას და ასეთ ფონზე ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ძალადობა, საზოგადოების დაშინების მცდელობა. „ქართული ოცნება“ ავლენს სისუსტეს, რადგან გრძნობენ მოახლოებულ წაგებას, ხედავენ, რომ ამ არჩევნებში მარცხდებიან და სასოწარკვეთილნი ცდილობენ, თავიანთი მომხრეების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება იმ აგრესიული, ძალადობრივი, დაპირისპირების გაღვივებაზე გათვლილი რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ვისმენთ. ამას მათთვის სასურველი არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და ეს გამოჩნდება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.