ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ რვაწლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ლარი და ეკონომიკა დაასუსტა
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს.
როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების რვაწლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა ჭაობამდე, ხოლო კორონაკრიზისის არაეფექტიანმა მართვამ კიდევ უფრო დაამძიმა ეს მდგომარეობა.
„ქართული ოცნების“ 8-წლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ დაასუსტა ლარი და ეკონომიკა და ეს მდგომარეობა ჩვენ გვქონდა კორონაკრიზისის დაწყებამდეც, ხოლო ამ კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა ეს მდგომარეობა.
ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე ამ მდგომარეობის გამოსწორება, ლარის გამყარება, რომ ეს შემდეგში ფასებზე არ გადავიდეს და ჩვენ მოქალაქეებს არ დაარტყას ჯიბეზე, შეუძლებელი იქნება.
გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს 31 ოქტომბერს და ამის შემდეგ უკვე კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს გარდამტეხი ეკონომიკური ცვლილებები, რათა ეკონომიკა გაიზარდოს, ლარი და ფასები დასტაბილურდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეს არის გამოსავალი.
„ქართულმა ოცნებამ“, თვითონ, კორონაკრიზისის პირობებში, იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ვიდრე ეს სჭირდებოდა ჩვენი ჯანდაცვის ამოცანებს, შესაბამისად, კორონაკრიზისამდე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.