ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ქართველმა ხალხმა ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და მოვიპოვოთ გამარჯვება 26 ოქტომბერს
„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო წერილი, რის მიხედვითაც, დანიამ შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ასევე ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71,5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა.
„„ქართული ოცნების“ პოლიტიკა, სამწუხაროდ, იძულებულს ხდის ჩვენს მეგობრებს, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და „ქართული ოცნების“ გამო საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და გამარჯვების მოპოვების შემდგომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ყველა ასეთ შეწყვეტილ ფორმატს და რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რომელიც შეჩერებულია „ოცნების“ პოლიტიკის გამო. Ეს, ბუნებრივია, ძალიან დიდ სარგებელს, დაცულობას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას მოუტანს ქართველ ხალხს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.