ზურაბ ჭიაბერაშვილი - პრეზიდენტის გზავნილები აცდენილი იყო იმ მოლოდინს, რაც ქართველ ხალხს აქვს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - პრეზიდენტის გზავნილები აცდენილი იყო იმ მოლოდინს, რაც ქართველ ხალხს აქვს

პრეზიდენტის გზავნილები, პირველ რიგში, აცდენილი იყო იმ მოლოდინს, რაც ქართველ ხალხს აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს არის უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვება, რაც ქვეყანაშია და, რაც სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. პრაქტიკულად, არანაირად არ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს რამე ესმის იმ სატკივარის, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ასი ათასობით მოქალაქეა. რაც შეეხება რუსეთისადმი გზავნილს, თუ სალომე ზურაბიშვილს ქართული საზოგადოება იცნობს, იცნობს სწორედ იმით, რომ ის 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და დარწმუნებული ვარ, გულში დღესაც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც ბიძინა ივანიშვილმა დასვა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამ განცხადებით ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ აფასებს ის პრეზიდენტის გზავნილებს რუსეთთან ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის მთავარ კრახს განასახიერებს.

„ეს მდგომარეობდა შემდეგ გზავნილში, რომ მთავარია, რუსეთს ლაქუცით, ენის მოჩლექვით ველაპარაკოთ და ყველა პრობლემა მოიხსნება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ოპოზოციონერმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ფაქტობრივად, ისე შინაარსობრივად, ქვეყნისთვის ტრაგედიაა ის ფაქტი, რომ გადაცემაში საუბარი მამუკა ხაზარაძის წერილით დაიწყო და არა პრეზიდენტის გამოსვლით.

„ეს უმძიმეს ფონს აღწერს და აღნიშნავს ჩვენ საზოგადოებაში. ყველა საინფორმაციო გამოშვებაში „თიბისი” ბანკის და ხაზარაძის საქმე ფიგურირებდა წინა პლანზე, ვიდრე პრეზიდენტის და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომ ჩვენი სამართლადამცავი სისტემა და ზოგადად, ქვეყანაში მდგომარეობა ასეთია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბივიშვილი დღეს პარლამენტში მოხსნებით წარდგა.