ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია
ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე უხანგრძლივდება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობას სურს, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და მოქალაქეების უფლებები, რომ პარლამენტში კონკრეტული გეგმა არ წარადგინოს.
„ეს კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, სამართლებრივი ნონსენსია. „ქართული ოცნების“ მთავრობას უნდა, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და მოქალაქეების სამოქალაქო უფლებები, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წამოადგინოს კონკრეტული გეგმა, მთავრობა რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მეორე მხრივ, რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას.
ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციურია და მათ არ უნდათ, მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მმართველ გუნდს უნდა, პარლამენტის გვერდის ავლით აკეთოს ის, რაც „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭისყრამდე ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.