ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჭიაბერაშვილი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

ჭიაბერაშვილის თქმით, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იკლებს პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც წამლის ყიდვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ შვიდი მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული.

ჭიაბერაშვილის აზრით, გაუმართლებელია, როდესაც ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩება, ათასობით ადამიანი კი ამ დროს წამალს ვერ ყიდულობს. მისივე თქმით, იგივე პრობლემა იდგა 2017-2018 წლებშიც და ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე წელსაც ვერ მოახერხა, წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია.

„2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში ოთხ ათასამდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 ათასი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა. სამწუხაროდ, ნომებერში ეს რიცხვი ექვს ათასამდე დავიდა“, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს, რატომ იკლებს მედიკამენტების პროგრამაში ჩართულ მოსარგებლე პირთა რაოდენობა მაშინ, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწუხებთ წამალზე ხელმისაწვდომობა.

„საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები საშუალოდ 60 პროცენტითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე

„მიგვაჩნია, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა უნდა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი, რომ ოჯახის ექიმის დანიშნულებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, რომელზეც სუბსიდირებას ჯანდაცვის სამინისტრო ახდენს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.