ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებს.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა.

„პროგრამის ამოქმედებამდე, ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. 2018 წელს პროგრამით სულ 22,000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა. 2017 წელს პროგრამით მხოლოდ 13,000-მა მოქალაქემ ისარგებლა. მედიკამენტების შეძენაზე ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს 1.7 მლნ ლარი დახარჯა და პროგრამის 10 მლნ ლარის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარამდე თანხა აუთვისებელი დარჩა. არადა, რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა ამ თანხით, რომ არა სამინისტროს გაუმართავი მენეჯმენტი”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დეპუტატის თქმით, საჭიროა, არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება.

„უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისთვის გაძვირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა, მაგრამ იმისთვის, რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.