ზურაბ ჭიაბერაშვილი მცირე ბიზნესისთვის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის - 100,000 ლარიანი ზღვრის 200,000 ლარამდე გაზრდას ითხოვს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მცირე ბიზნესისთვის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის – 100,000 ლარიანი ზღვრის 200,000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.
ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილი “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილება ვერ უშველის.
მისი თქმით, მცირე ბიზნესისთვის საშეღავათო პირობების დაწესების თაობაზე ალტერნატიული პროექტი “ევროპულმა საქართველომაც” წარადგინა.
“მცირე ბიზნესისთვის ამ ზღვრის აწევა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მთავრობას მცირე ბიზნესისთვის რეალური შეღავათის მიცემა რომ უნდოდეს, მაშინ მიკრო ბიზნესისთვის არსებულ შეღავათს – “არ დაიბეგროს საერთოდ” გაავრცელებდა. ერთი პროცენტის დატოვებით და არა განულებით, რასაც ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს, გიორგი კვირიკაშვილი საგადასახადო ინსპექციას მცირე ბიზნესის შემოწმების ბერკეტს ისევ უტოვებს. 1%-ით სახელმწიფო ბიუჯეტში იმდენად მცირე თანხა შევა, მას ფისკალური ეფექტი არც ექნება. პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობას ბიზნესზე კონტროლის ზედმეტი მექანიზმი დაუტოვოს”, – დასძენს ჭიაბერაშვილი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობის მიერ ინიცირებულ “საგადასახადო კოდექსს” დღეს განიხილავს.