ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ვაქცინაციის წინააღმდეგ საზოგადოებაში ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ვაქცინაციის წინააღმდეგ საზოგადოებაში ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ კიდევ უფრო გააღრმავა ვაქცინაციის წინააღმდეგ საზოგადოებაში არსებული ეჭვები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ კომენტარს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ მიიჩნევს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე.

„ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და საზოგადოებაში, სადაც ისედაც არსებობს გარკვეული ეჭვები იმუნიზაციის მიმართ, ვაქცინების გამოყენების მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა თავისი განცხადებით ეს ეჭვი. ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა მყისიერი რეაგირება და ამირან გამყრელიძის განცხადება იყო ერთგვარი მცდელობა, რომ გაენეიტრალებინა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება. თუმცა, ეს საკმარისი ნაბიჯი არ არის“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ის მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჩაატაროს ფართომასშტაბიანი კამპანია, რათა საზოგადოებაში იმუნიზაციის მიმართ ნდობა აღდგეს.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილებამ კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი, რომელიც მისი შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებობს. ასევე, ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟის შესაძლო შემცირება, მედიკამენტების დეფიციტს გამოიწვევს.

„მინდა, ასევე გამოვეხმაურო მედიკამენტების საკითხს. გამოსავალი, რასაც გვთავაზობს მინისტრი, არათუ არარეალისტურია, არამედ კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს შექმნის ჩვენი მოქალაქეების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის, რომ ესენციური მედიკამენტების ჩართვა მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაგრამ ამას სჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ცვლილება სისტემურად, რაზედაც ჯანდაცვის სამინისტრო სერგეენკოს პერიოდიდან მოყოლებული, უარს აცხადებს. 520-ე დადგენილებამ კი, კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი, რაც საყოველთაო ჯანდაცვაშია“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, საგანგაშოა, რომ მთავრობამ აღნიშნული დადგენილება არ შეაჩერა, რადგან ის იწვევს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებას, მედპერსონალისთვის ხელფასების გაცემის პრობლემას და პაციენტების ხარჯების გაზრდას.

ტიკარაძის განცხადებები მიმართული არის სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ექთნების წინააღმდეგ. ისედაც სერიოზული პრობლემაა, რომ მთავრობას საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონზე მეტის დავალიანება აქვს, რის გამოც სამედიცონო პერსონალი ხელფასს თვეობით ვერ იღებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.