ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ქართველი ხალხისთვის მკაფიო მხარდაჭერა და ასევე, მკაფიო შეთავაზება იქნება
8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ქართველი ხალხისთვის მკაფიო მხარდაჭერა იქნება და ასევე, მკაფიო შეთავაზება, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება.
მისი თქმით, საბედნიეროდ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს.
„თუკი „ქართული ოცნება“ რჩება, სამწუხაროდ, საქართველო დარჩება იზოლაციაში და ქართველი ხალხი არათუ სარგებელს ვერ მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, არამედ საფრთხე შეექმნება იმ სარგებელსაც, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. მეორე მხრივ, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპული გზის სასარგებლოდ, მაშინ აქ იქნება უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური დახმარება და, საბედნიეროდ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორედ ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელშიც საქართველოსადმი სხვა მოთხოვნებთან ერთად მოყვანილია: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.