ზურაბ ჭიაბერაშვილი - ექვსი წელია, რუსეთთან დათმობებისა და დათბობის პოლიტიკას ვუყურებთ 
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ექვსი წელია, რუსეთთან დათმობებისა და დათბობის პოლიტიკას ვუყურებთ 

უკვე ექვსი წელია, ვუყურებთ „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ და ქმედებაში განხორციელებულ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთთან დათმობებისა და დათბობის პოლიტიკა ჰქვია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პოლიტიკა გამოიხატებოდა ფრაზაში, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ასაცილებელია და ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რეალურ ქმედებაში, თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ელჩებს პირდაპირი ინსტრუქცია აქვთ მიცემული, ხმა არ ამოიღონ. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო ფორუმებზე აქტიურად იხილება საკითხი, თუ რას სჩადის რუსეთი უკრაინაში, როცა საერთაშორისო კონიუნქტურა მკვეთრად ანტიპუტინურად ყალიბდება და საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიმართ სანქციებს აწესებს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოში, როცა მინისტრთა კომიტეტზე უკრაინის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, საქართველოს ელჩი ჩუმად ზის, რადგან მას საქართველოს მთავრობისგან საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით, ასეთი ინსტრუქცია აქვს მიღებული, რაც სავალალოა. 

„თუ საქართველოს პარლამენტში მინისტრ ჯანელიძესთან მიმდინარე დებატებს თვალს ადევნებდით, დაინახავდით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ასეთი ქმედების სავალალო შედეგი ისაა, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავხედობა არანაირი ფასი არ უჯდება, როცა გიგა ოთხოზორია პირდაპირ ვიდეო კამერების წინ დახვრიტეს და არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ასეთი რამ ჩაიდინეს.

„ჩვენ ვითხოვთ, ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია შედგეს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ არსებობდეს ძალიან მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ რუსეთმა ამის ფასი გადაიხადოს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.