ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა მედპერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ინფიცირებულ ექიმებზე კი, კომპენსაცია გაიცეს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა მედპერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ინფიცირებულ ექიმებზე კი, კომპენსაცია გაიცეს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტინგენტი 13,000-ზე ნაკლებია, სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს და იქ დასაქმებულ ექიმებისა და ექთნების ნაწილს უმუშევარს დატოვებს.

დეპუტატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თავისი არსით 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.

„520-ე დადგენილებამ ჰოსპიტალურ სექტორს დარტყმა მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი, დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს. ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც. ჰოსპიტალური სექტორი დიდ სამოქალაქო და სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს, როდესაც კრიზისის პირობებში 520-ე დადგენილების შეცვლის მოთხოვნა დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იგივე ნაბიჯების გადადგმა სამედიცინო სფეროს სხვა სექტორებში განაგრძონ,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ამასთან, დეპუტატი მთავრობას მოუწოდებს, რომ მე-15 დადგენილების მოქმედება შეაჩეროს და მკაფიო გეგმა წარადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების შრომა უპრეცედენტო კრიზისის პირობებში.

„ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბევრ სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვიანობა შემცირებულია და ეს ამ სპეციალობების სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე კატასტროფულად არ უნდა აისახოს. საჭიროა, პაციენტთა ნაკადების მოწესრიგება, ყველა სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა მედპერსონალის დამცავი საშუალებებითა და სწრაფი ტესტებით, ასევე ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაში მათი დახმარება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ სხვა დაავადებების მკურნალობაც უწყვეტად გაგრძელდეს“, – დასძინა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.