ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პრემიერების ან მინისტრების ცვლილებით თავს დააღწევს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას
ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პრემიერების ან მინისტრების ცვლილებით თავს დააღწევს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდება.
„ბახტაძის წასვლა თანამდებობიდან უკავშირდება იმას, რომ ის და მისი მთავრობა განასახიერებდა სრულ უპერსპექტივობას, რაშიც ბიძინა ივანიშვილმა შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანა ჩააგდო. ეს არის სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა, კორუფცია და ხალხის ფულის დატაცება. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პრემიერების ან მინისტრების ცვლილებით თავს დააღწევს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც აუცილებლად დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა მას ხალხი აუცილებლად გაუშვებს ძალაუფლებიდან. ამ ფონზე, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ხალხისთვის სასიკეთოდ რომ არაფერი შეიცვლება, ეს საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, მაგრამ თუ ივანიშვილი მაინც გადაწყვეტს, რომ გახარია დააწინაუროს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს იქნება თავხედური გამოწვევა ქართული საზოგადოების და მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება ამას საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.